წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის პარკში დღეს აქცია სახელწოდებით - “არ აწამო, იწამე ადამიანი“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)“ წარმომადგენლები იყვნენ.
როგორც ცენტრის თავმჯდომარემ ლელა ცისკარიშვილმა აქციაზე განაცხადა, დღევანდელი აქციით, ისინი წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და აღნიშნა, რომ საქართველოში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობით კონკრეტული ფაქტები სახალხო დამცველის ანგარიშშია ასახული.
„თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი ეფექტური გამოძიება არ მომხდარა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტატისკით, 2012 წლის ივნისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 23 658 შეადგენს, რაც საქართველოს მოსახლეობის 0.53% -ია“ - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ცისკარიშვილის თქმითვე, საერთაშორისო საზოგადოების მიერ თითოეული ადამიანის უფლება - არ დაექვემდებაროს წამებას, აღიარებულია როგორც აბსოლუტური უფლება და მასში ჩარევა არ შეიძლება გამართლდეს.
აქციის მონაწილეები თბილისის #8 საპყრობილესთან ცაში საჰაერო ფარნებს გაუშვებენ, რითაც აღნიშნული დაწესებულების პატიმრების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.