საპარლამენტო არჩევნებზე პოლონელი დამკვირვებლები ჩამოვლენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუსევიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
„მოხარული ვარ, რომ სტუმრებისგან მივიღეთ თანხმობა, რომ პოლონელი პარლამენტის წევრები აუცილებლად ჩამობრძანდებიან და არჩევნებს დააკვირდებიან, ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და ასევე განიხილება ცალკე დელეგაციის გამოგზავნის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოდან, ჩვენი მეგობარი პარლამენტიდან არჩევნების დაკვირვებისთვის, მით უკეთესია ქართული დემოკრატიისთვის“, - აღნიშნა ბაქარაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლონეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას და ქართულ-რუსულ ურთიერთობებს.
„ჩვენ მადლობელი ვართ იმ უპირობო მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთს გააჩნია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.
დახურულ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო პოლონეთის და საქართველოს მომავალ ურთიერთობებს.
„სწორედ პოლონეთის ინიციატივა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა თავის დროზე. პოლონეთის პრეზიდენტობა ევროკავშირში საქართველოსთვის ძალიან წარმატებული პერიოდი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის ასოცირებული შეთანხმების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო გაისად დაასრულებს მოლაპარაკების ძირითად ნაწილს ისეთ უმნიშვნელოვანეს თემებზე რომელიც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, საქართველოს მოქალაქეეების უვიზოდ გადაადგილებას და საქართველოს ასოცირებულ წევრობას“, - აღნიშნა ბაქრაძემ.