ბესლან კობახია: იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხალხებს შორის ყველა პრობლემა გადაწყდება

ბესლან კობახია: იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხალხებს შორის ყველა პრობლემა გადაწყდება

ექსპერტი და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ბესლან კობახია საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობების შესახებ  სტატიას აქვეყნებს და ქართულ მხარეს მის მიერ შემუშავებული გეგმის-6 პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდებს, რის შემდეგაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ყველა არსებული პრობლემა მოგვარდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობები აუცილებლად გამოსწორდება. ქართველებსა და აფხაზებს ურთიერთობების დიდი ისტორია გააჩნიათ, რომელიც ისტორიის სხვადასხვა დროს განსხვავებული გახლდათ. იყო პერიოდები (და არა ერთხელ), როდესაც აფხაზეთი და საქართველო ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, იყო პერიოდები, როდესაც ისინი ერთიმეორისგან დამოუკიდებელნი გახლდნენ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ყოველთვის ახლო მეზობლები არიან, მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე,  ისინი ყოველთვის ზემოქმედებდნენ ერთმანეთზე. აღარ ვსაუბრობ შერეულ ოჯახებზე, რომლებიც საკამოდ ბევრია და მათ საერთო ნათესავებზე. შემიძლია აგრეთვე ვთქვა, რომ ბევრ აფხაზებსა და ქართველებს დიდი ადამიანური მეგობრობა გააჩნიათ და ჩვენს შორის მიმდინარე ომებმაც და ტრაგიკულმა შემთხვევებმაც , ბევრ შემთხვევაში ვერ შეძლო ამ მეგობრობის დარღვევა. აქედან გამომდინარე, მე ოპტიმისტურად შევყურებ ჩვენს მომავალს, რომელშიც ვხედავ ნორმალური ადამიანური ურთიერთობებისკენ დაბრუნების შესაძლებლობებს“,-აღნიშნავს კობახია.

ექსპერტი იმ საფუძველზეც საუბრობს, რაზეც ამ ურთიერთობების აგება უნდა დაიწყოს და ამ საფუძვლად საქართველოსადმი წაყენებულ 6 პირობას მიჩნევს.

„ სხვა საკითხია, რა საფუძველზე უნდა მოხდეს ამ ურთიერთობების აღდგენა? ძველი ურთიერთობები დანგრეულია, ახალი ჯერ არ შეგვიქმნია. და იმისგან, თუ რას ვიმოქმედებთ, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით ხვალ და როგორ სწრაფად შევძლებთ იმ სიკეთეში დაბრუნებას, რაც ჩვენს შორის ოდესმე იყო.

გავრისკავ და შემოგთავაზებთ ურთიერთობების დარეგულირების ჩემეულ გეგემას, რომელიც მხოლოდ 6 პუნქტისგან შედგება, რომელიც არ არის დიდ ფინანსებზე დამოკიდებული, დროში  სწრაფად რეალიზებადია და შესაძლებელია მისი შედეგი აბსოლუტურად ეფექტური იყოს.

აი, ჩემი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ:

1) აფხაზეთის წინააღმდეგ წარმოებული ომები ჩაითვალოს აფხაზი და ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულად

2)აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეს გადაწყვეტილება 1992 წლის აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე მიიღო

3) გაიმართოს ღია სასამართლო სხდომები და მიღებულ იქნას  სასამართლო გადაწყვეტილება

4) აღიარებულ იქნას აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა

5) დამყარდეს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული

6) ხელი მოეწეროს სახელმწიფოთა შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას

თუმცა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს ამ პროცესის დაწყება. სხვანაირად კი ეს საკითხები არ გადაწყდება. ყველა სხვა გადაწყვეტილება- ახალი ომია.

მე იმედით შევყურებ მომავალს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის ყველა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. მთავარია, ამ პროცესის დაწყებას ახალი იმპულსი მივცეთ და მაშინ მოქმედებები სწრაფად განვითრდება“,-აცხადებს კობახია.