"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი გორის რაიონის სოფელ მერეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, „ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი ალასანიას სტუმრობისას მოსახლეობასთან მომხდარ ინციდენტს ხელისუფლების პროვოკაციად აფასებს.
„ეს არის ხელისუფლების პროვოკაცია მიზანმიმართული იმისკენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტს პოლიტიკურ აგიტაციაში, მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელი შეუშალო. ასევე მიზნად ისახავს შიშის გაჩენას მოსახლეობის იმ ნაწილში, რომლებსაც ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი აქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილს მიაჩნია, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით, ქართულმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა აუცილებლად უნდა ამოიღოს.
„ქართულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა მოითხოვოს ინციდენტის ობიექტური გამოძიება და შესაბამისი პირების სათანადოდ დასჯა. აღნიშნულში აუცილებლად უნდა ჩაერთოს საერთაშორისო საზოგადოებაც და მათთაც თავიანთი პოზიცია მკაფიოდ და პრინციპულად უნდა გამოხატონ. ყველა კარგად ხვდება მომხდარს, რაიმე განსაკუთრებული მტკიცებულება არ სჭირდება, რომ ეს ხელისუფლების მიზანმიმართული პროვოკაციაა“,- განაცხადა სესიაშვილმა.
შეკითხვის პასუხად კონკრეტულად, რისკენ მოუწოდებს სესიაშვილი ქართველ საზოგადოებას აცხადებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობილმა ადამიანებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების აქტიურმა წევრებმა თავიანთი პოზიცია უნდა დააფიქსირონ.
„ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე. ამ შემთხვევაში, არანაირად არ ვგულისხმობ აქციების და მიტინგების ჩატარებას. უბრალოდ, საზოგადოებამ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, რომ შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე არ მისულა პოლიცია, სესიაშვილი აცხადებს, რომ ეს გასაკვირი არაა.
„როგორ მივიდოდა პოლიცია, როცა აშკარაა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაციაა. შესაბამისად, სავარაუდოდ, შესაბამისი უსაფრთხოების სამსახურები საქმის კურსში იყვნენ და რომლებსაც ალბათ, ჰქონდათ ინსტრუქცია, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ უნდა მისულიყვნენ, თუ არ უნდა მისულიყვნენ, უნდა ჩარეულიყვნენ ამ ინციდენტში, თუ არ უნდა ჩარეულიყვნენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ბრტყელ-ბრტყელი“ სიტყვებით „სანიმუშო“ არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა, თუმცა თელავში, როგორც თვითონ განაცხადეს კუდის თანამშრომლებმა თელავის შტაბის ერთ-ერთი წევრი უმოწყალოდ სცემეს.
„ვფიქრობ, ეს აგრესია სააკაშვილის გამოძახილია, რომელმაც არ იცის როგორ წავიდეს ხელისუფლებიდან. ამიტომ პროვოკაციაზე, აგრესიაზე მიდის, რომ ამით როგორმე ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფუძველი შექმნას“, - განაცხადა სესიაშვილმა.