გორის რაიონში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა

გორის რაიონში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა

გორის რაიონის სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა. სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შესახვედრად კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ.

როგორც მოსახლეობის ნაწილი აცხადებს შეხვედრაზე მხარდამჭერებთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერების გამოჩენამდე, მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იყო, ხოლო ლიდერების გამოჩენამ ვითარება მკვეთრად დაძაბა. მოხდა ფიზიკური შეხლა შემოხლა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. 

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელში ბიძინა ივანიშილი მივიდა და მისი მისამართით გაისმა შეძახილები, "წადი", "რუსეთის აგენტო".

ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. 

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან. 

ინციდენტის შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფელი დატოვეს.

ცნობისთვის, სოფელი მერეთი გორის რაიონში საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს. სოფლიდან დაახლოებით 200 მეტრში რუსული საგუშაგოა.