არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატიცა“ პროექტის - „საქართველო ევროპაში“ ფარგლებში ავტოტურს იწყებს. პროექტი დღეს კახეთში დაიწყება და 10 ივლისს სამცხე-ჯავახეთში დასრულდება და ის საქართველოს ყველა რეგიონში გასვლას ითვალისწინებს.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტში ორგანიზატორებთან ერთად აქტიურად ევროკავშირის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები ჩაერთვებიან.
შეხვედრის ფორმატი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით სემინარების გამართვას ითვალისწინებს. მოსახლეობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ზოგადად ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო მასალა დაურიგდება და საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხების მიღების საშუალება ექნება.
შეხვედრები გაიმართება როგორც სოფლების ისე ქალაქების მოსახლეობასთან. შეხვედრებზე მოწვეული იქნებიან საზოგადოების ყველა ფენისა და ასაკის წარმომადგენლები.