დღეს იუნესკოს კომიტეტი ბაგრატისა და გელათის საკითხს  განიხილავს

დღეს იუნესკოს კომიტეტი ბაგრატისა და გელათის საკითხს განიხილავს

იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სანკ-პეტერბურგში დღეს გაიმართება, კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთან  ერთად, გელათისა და ბაგრატის ერთობლივი კომპლექსის საკითხზეც იმსჯელებენ. 

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა . მისი თქმით, საქართველო არ არის კომიტეტის წევრი ქვეყანა და უშუალოდ დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ დებატებში 21 ქვეყანა ჩაერთვება.

ჯალაღანიას თქმითვე, პეტერბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაცია ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთა ხელმძღვანელობით. სხდომაზე ქართულ მხარეს თავისი პოზიციის და აზრის გამოხატვის საშუალება ექნება.

ბაგრატის რეაბილიტაცია კათოლიკოს-პატრიარქის მოთხოვნის საფძველზე შეჩერდა, რადგან ტაძრის დასავლეთის მკლავზე განხორციელებული სამუშაოები საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და კულტურის მინისტრის, ნიკა რურუას შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ბაგრატის სარესტავრაციო პროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმებით მომზადდება.