სასამართლომ მობილური ტელეფონებისა და ჩაწერის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებების შეტანის აკრძალვაზე განმარტება გააკეთა. ამის შესახებ სასამართლო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დამსწრე პირების მხრიდან ფარული ჩაწერების განხორციელების მცდელობა გახდა. განცხადებაში ასევე განმარტებულია, რომ მიღებული ბრძანებით მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებისათვის და არ ვრცელდება სასამართლოს კანცელარიის, მისაღები განყოფილებისა და საინფორმაციო ცენტრის მომხმარებლებზე.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში საშუალოდ სტუმრობს 3000 ადამიანი, რომელთა მხრიდანაც არაერთხელ იქნა დარღვეული წარსულში ამავე საკითხის მომწესრიგებელი ბრძანების მოთხოვნები. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონით და წინა ბრძანებით იკრძალებოდა სასამართლოში და სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღებები და ტრანსლაცია, ხოლო სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლოს თანხმობით, დამსწრე პირების მხრიდან ხშირად ადგილი ჰქონდა ფარული ჩაწერების განხორციელების მცდელობას მობილური ტელეფონების, პერსონალური კომპიუტერების და თავისუფალ გაყიდვაში არსებული კალმის, მაჯის საათის, პერანგის ღილის, მეხსიერების ბარათისა და გასაღების ჩამოსაკიდის ფორმის ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი საშუალებებით. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება მიზნად ისახავს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს განცხადებას ახლავს ამონარიდი კანონიდან "საერთო სასამართლოების შესახებ", რომელსაც From.ge ცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლისა და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2012 წლის 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, დაზუსტდა და განისაზღვრა სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღების და ტრანსლაციის, სტენოგრაფირებისა და აუდიოჩაწერის შესახებ მოქმედი წესები, კერძოდ მანდატურის სამსახურს დაევალა:
ა) სასამართლოში (სასამართლოს ეზო, სასამართლოს შენობა) შესვლისას ვიზუალურად და სათანადო ტექნიკური საშუალებებით შეამოწმოს ხომ არ შეაქვს პირს სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოაპარატურა და ჩაწერის ფუნქციის მქონე სხვა ტექნიკური საშუალებები, ხოლო თუ ასეთი დადასტურდა, არ დაუშვას მათი შეტანა;
ბ) არ დაუშვას სასამართლოში ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების წარმოება და ტრანსლაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი;
გ) არ დაუშვას სასამართლოში აუდიოჩამწერი აპარატურის ჩართულ რეჟიმში შეტანა, აგრეთვე სასამართლოს შენობაში (გარდა სასამართლო სხდომის დარბაზისა სხდომის მიმდინარეობის დროს) აუდიოჩაწერა და სტენოგრაფირება;
დ) არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში მობილური ტელეფონის შეტანა;
ე) უზრუნველყოს აუდიოჩაწერისა და სტენოგრაფირების შეზღუდვის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ მიღებული განკარგულების შესრულება;
ვ) არ დაუშვას სასამართლო სხდომის დარბაზში იმ პირთა თვითნებური გადაადგილება, რომლებიც ახორციელებენ სასამართლო სხდომის სტენოგრაფირებას ან აუდიოჩაწერას, ასევე ამ პირთა მიერ ტექნიკური მოწყობილობის გადაადგილება იმ ადგილიდან, სადაც იგია განთავსებული;
ზ) დროულად აღკვეთოს სასამართლო სხდომის დარბაზში ნებისმიერი ხმაური, რაც გამოწვეულია სტენოგრაფირების ან აუდიოჩაწერის შედეგად;
თ) ამ პუნქტის "ა-დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დროებით ჩამორთმეული აპარატურა და ტექნიკური საშუალებები შეინახოს საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ საცავში და სასამართლოდან გასვლისას დაუბრუნოს მფლობელს".