კოალიცია "ქართულის ოცნების" წარმომადგენლებმა - თინათინ ხიდაშელმა, არჩილ კბილაშვილმა და ამერიკელმა ადვოკატმა , მეთიუ ორსმანმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში საჩივარი შეიტანეს. როგორც ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ,
საჩივარი ეყრდნობა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ფაკულტატურ ოქმს. საჩივარი შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევისა და მისთვის ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმას. მოქალაქეობის თვითნებური ჩამორთმევა ცალსახად არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პრობლემის სიმძიმის, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების არადეკვატურობის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე დევნის, ზეწოლისა და პოლიტიკური რეპრესიების გახშირების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ინსტიტუტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყონ, რათა უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა.
მათიუ ორსმანმა გაიხსენა ჰილარი კლინტონის მოწოდება ხელისუფლების მშვიდობიანი, არჩევნების გზით ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და, კიდევ ერთხელ, დეტალურად აღწერა ყველა ის საერთაშორისო სამართლებრივი პრობლემა და დარღვევა, რომელიც ცალსახად იკვეთება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში.
აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია საკითხის სამართლებრივმა მხარემ. არჩილ კბილაშვილმა ამომწურავად ისაუბრა, როგორც მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევის, ასევე სასამართლო წარმოების პროცესში არსებული დარღვევების ფაქტებზე.
გარდა ამისა, თავად საჩივარში დეტალურად არის საუბარი იმის შესახებ, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური უფლებების აღდგენას და თავისი არსით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის თვალის ახვევის მიზნით განხორციელებული ფარისევლური ქმედებაა. ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს და მისი დანაშაულებრივი ქმედების (მოქალაქეობის თვითნებური და უკანონო ჩამორთმევა) დაფარვას. საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივაცია, რათა ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს მომავალ არჩევნებს.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის საერთაშორისოდ გარანტირებული პოლიტიკური უფლებები და მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას აღუდგინოს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა და პოლიტიკური უფლებები 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.