კომპანიებში „ელიტა ბურჯი“ და „გლობალ ტვ“- ში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და პროკურატურა, ხოლო ქობულეთში გასართობ პარკ „ციცინათელაში“ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი შევიდა.
უკვე ერთი საათია „ელიტა ბურჯის“ მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ისინი შენობაში „ელიტა ბურჯის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს არ უშვებებენ.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობენ და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ წუთებში, სამართალდამცველები ავტომანქანებში ტექნიკას ყუთებით აწყობენ.
„ელიტა ბურჯის“ თანამშრომლების თქმით, პოლიციის თანამშრომლები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შევიდნენ „ელიტა ბურჯის“ შენობაში და ქონების დაყადაღებას ახორციელებენ.
პროექტის ხელმძღვანელის იგორ მეფარიშვილის განცხადებით, „ელიტა ბურჯში“ პროკურატურის თანამშრომლები სატელიტური ანტენების მაკომპლექტებელი ნაწილების დაყადაღებასთან დაკავშირებითაა შესული.
„პროკურატურის გადწყვეტილება აქვთ. მიმდინარეობს დათვლა, გადაწყობა, რომ დაედოს ყადაღა ერთ სივრცეში მოწყობილ სატელიტური ანტენების კომპლექტებს. მოვიდნენ გაგვაცნეს სასამართლო დადგენილება და სასამართლოს დადგენილებით მოქმედებენ“, - განაცხადა მეფარიშვილმა.
„ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ლორთიფანიძე და კარლო კოპალიანი. დიმიტრი ლორთქიფანიძე ადგილზე საქართველოს სახალხო დამცველის მოსვლას ითხოვს.
რაც შეეხება, ქობულეთში განთავსებულ გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე „გლობალტივის“ საწყობებია განლაგებული და ახლა სამართალდამცავები ანტენებს ითვლიან, რის შემდეგაც ამ ანტენების დაყადაღება მოხდება.