თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ფეხბურთის ქომაგთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 04 ივნისის დადგენილებით ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგი" ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ორგანული კანონის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 261 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 342 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
ამავე დადგენილებით ნაწილობრივ დადასტურებული იქნა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგის" (ს/კ400050653), საქართველოში ლიცენზირებულ ბანკებში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ, კანონით გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში.
კონკრეტული საქმის განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგის" წარმომადგენლის გელა კეტაშვილის ახსნა-განმარტებით და საჯარო განცხადებების შესახებ ვებგვერდიდან ამონაბეჭდით დადასტურდა, რომ ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგი" წარმოადგენს იმ პირს, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდება, რამდენადაც ამ ფონდის დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ "ქომაგი 2"-ის შექმნის შესახებ და მოახდინეს ასოცირება ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ "ქომაგთან", რომელიც ამავდროულად პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს.
მითითებულმა სუბიექტმა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია, კერძოდ ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგი", როგორც პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" დაკავშირებული პირი, მიზნად ისახავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ფულადი სახსრებით დახმარებას, რაც წარმოადგენს ამ პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ ქმედებას - საქართველოს მოქალაქეთა ფულადი სახსრებით დახმარების შესახებ დაპირებას. შესაბამისად, მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალურ დაინტერესებას და პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 252 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის დისპოზიციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება არა მარატო ის პირი, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ საქართველოს ორგანული კანონით აკრძალულ ქმედებას ახორციელებს რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
სასამართლომ საქმე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2082 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად და საქმის მიმართ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესები, შესაბამისად, სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სუბიექტი, სამართალდარღევის ჩადენის ფაქტი და პასუხისმგებლობა დააკისრა სამათალდამრღვევს - ააიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგს" "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.