პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის აღსრულების ბიუროს განცხადება უკვე მიუვიდა. მისივე თქმით, ივანიშვილი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და თუ რაიმე შეიცვლება განცხადებას თავად ივანიშვილი გააკეთებს.
თადუმაძის განცხადებით, სააღსრულებო წარმოებისას ივანიშვილის ჯარიმის თანხა გაიზარდა.
„გაიზარდა უკვე, სააღსრულებო წარმოების მოსაკრებელი შვიდი პროცენტი დაემატა. კანონის შესაბამისად, სააღსრულებლო ბიუროში, რომ შედის საქმე მას სააღსრულებლო მოსაკრებელი ემატება, რომელიც სანქციის შვიდ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“, - განაცხადა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჯარიმებთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო.
დოკუმენტების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობა.
აღსრულების ბიურომ დაჯარიმებულს გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისთვის 7 დღიანი ვადა მისცა.
კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს.