„ახალი მემარჯვენეების“ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილი თელავის რაიონის სოფლებში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ხმამაღლა საუბრობს ქვეყანაში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარებაზე და ყველა სოფელს გაზს პირდება, თელავის რაიონში ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია. რაიონის სოფლების 85%-ზე მეტი დღეს ბუნებრივ აირს ვერ მოიხმარს.
„თელავის რაიონის სოფლების მოსახლეობა იმ საფასურს, რასაც კომპანია „ვისოლი“ მოითხოვს, ვერ გადაიხდის, რადგან 600-800 ლარის ერთჯერადად გადახდა წარმოუდგენელია მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. თელავის რაიონში რამდენიმე სოფელში სოფლების განაპირა უბნების მოსახლეობას იმასაც კი ავალდებულებენ, რომ,არათუ სახლებში შეყვანის, არამედ მათ უბნამდე მიყვანის საფასურიც გადაიხადონ. ამიტომ გაზი სახლებში ვერ შეყავთ. წარმოიდგინეთ, ზაფხულის პაპანაქებაში ან ძვირადღირებული შეშა უნდა გამოიყენონ სადილის მოსამზადებლად, ან ასევე საკმაოდ ძვირი გაზის ბალონით ისარგებლონ. ამიტომ, ხელისუფლებამ იმ კომპანიებთან, რომლებსაც გაზიფიცირების ვალდებულება აქვთ აღებული, უნდა მოაგვაროს გაზიფიცირების საფასურის განვადებით გადახდის საკითხი. მოსახლეობას ყოველთვიურად გახარჯული გაზის საფასურთან ერთად უნდა დაეკისროს გაზიფიცირების საფასურის ნაწილ-ნაწილ დაფარვა შეღავათიანი პირობებით. მით უნეტეს, ამ პრობლემას თვითონ პრეზიდენტი სააკაშვილიც შეეხო ფოთელებთან შეხვედრისას და მოსახლეობა მისგან თანაგრძნობას კი არა თანადგომას და კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება ელოდება“, -განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.
მისი თქმით, გარდა ამ პრობლემებისა თელავი, ალბათ ერთადერთი რაიონია, სადაც გაზის საფასურის გადახდის თუნდაც ერთი დღით დაგვიანების გამო მოსახლეობას 40 ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევს.
„თვითონ ქალაქი თელავი გაზიფიცირებულია, მაგრამ. მოსახლეობას კაბალური პირობები აქვს: მოხმარებული გაზის საფასურის თუნდაც ერთი დღით დაგვიანების გამო ჯარიმა არაადექვატურად მაღალია - 40 ლარი.ჯარიმის ეს თანხა პენსიონრებისთვის მძიმე ტვირთია. აქ თავისი შეზღუდვები უნდა დააწესოს მარეგულირებელმა კომისიამ, რადგან კომპანია „ვისოლი“ მონოპოლისტია რაიონში და მოსახლეობას სხვა არჩევანის შესაძლებლობა არ აქვს“, - განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა.