მსჯავრდებული სასჯელს რუსთავის #2 კოლონიაში იხდიდა და  გლდანის  ციხეში  გარდაიცვალა

მსჯავრდებული სასჯელს რუსთავის #2 კოლონიაში იხდიდა და გლდანის ციხეში გარდაიცვალა

35 წლის მსჯავრდებული ირაკლი მდინარაძე, რომელიც  სასჯელს რუსთავის #2 კოლონიაში ნარკოტიკების შენახვა-შეძენა-მოხმარების გამო იხდიდა,  გლდანის  ციხეში  გარდაიცვალა.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებისთვის  გაურკვეველია, თუ როგორ აღმოჩნდა გარდაცვლილი გლდანის ციხეში  და მის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვენ. 

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე ნინო ბოდაველი აცხადებს, რომ ირაკლი მდინარაძე რუსთავის #2 ციხეში ერთი თვის წინ ნახა. ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი და ციხიდან გამოსვლის იმედი ქონდა.

ბოდაველის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების შესახებ, მათ ციხის ადმინისტრაციისგან შეტყობინება არ მიუღიათ.

„20 ივნისს ციხიდან ერთ-ერთმა პატიმარმა დარეკა და ოჯახს  ირაკლი მდინარაძის გარდაცვალება შეატყობინა.  შემდეგ კიდევ დარეკა უცნობმა პირმა და  ცხედრის გლდანის ციხიდან გადასვენებაზე გვესაუბრა“, - განაცხადა ბოდაველმა და აღნიშნა, რომ გლდანის ციხიდან გადმოსასვენებლად მისულ ახლობლებს პატიმრის გარდაცვალების ცნობა არ გამოატანეს. სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირმა მათ უთხრა, რომ გარდაცვალების ცნობას რეესტრში აიღებდნენ.

გარდაცვლილი პატიმრის მეუღლის, ნინო ბოდაველის განცხადებითვე, ირაკლი მდინარაძე ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოველ დღე, დილით რეკავდა ოჯახში და 2000 ლარს ითხოვდა. პატიმარი აცხადებდა, რომ ეს თანხა ადვოკატისთვის ჭირდებოდა, რომელიც სასჯელის განახევრებას და ერთ წელიწადში გათავისუფლებას პირდებოდა.

ნინო ბოდაველის თქმით, მათთვის უცნობია, ვინ იყო ადვოკატი, რომელზეც მისი მეუღლე საუბრობდა.

„ოჯახს ერთადერთი ძროხა ყავდა და თანხის შესაგროვებლად მის გაყიდვას ვაპირებდით. ბოლოს მეუღელს 18 ივნისს ვესაუბრე. 20 ივნისს კი მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ“, -განაცხადა ბოდაველმა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს ყელზე აღენიშნება ნაჭდევი. დაზიანებული აქვს შუბლის ძვალი და ლოყა. ასევე, სავარაუდოდ არის გაკვეთილი, რადგან გულმკერდზე და თავზე აღნიშნება, რომ არის გაკვეთილი და შემდეგ გაკერილი.

ოჯახის წევრები პატიმრის თვითმკვლელობას გამორიცხავენ და აპირებენ, სასამართლოს მიმართონ.

გარდაცვლილ პატიმარს 10 წელიანი სასჯელიდან 4 წელი უკვე მოხდილი ჰქონდა.