ნინო ჩიხლაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურია

ნინო ჩიხლაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიურია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ტრეფიკინგის შესახებ მომზადებულ 2012 წლის ანგარიშს, სადაც 186 ქვეყანას შორის საქართველოში, არსებულ მდგომარეობაზეცაა საუბარი პოზიტიურად აფასებს.

„საიას“  წარმომადგენლის ნინო ჩიხლაძის განცხადებით,  საქართველო შეფასების უმაღლეს კატეგორიაში – პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს, რაც შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი შედეგია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. სინამდვილეში ვეთანხმებით. ანგარიშში ასევე რეკომენდაციის სახით იყო მოცემული, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა აღმოსაჩენად უფრო მეტი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული. ხოლო რაც შეეხება,  მონაცემების კუთხით მსჯელობას,  ბოლო პერიოდის განმავლობაში, წინა პერიოდთან შედარებით მონაცემებმა იკლო.  ამ კუთხით თუ გამოკვლევა გაკეთდება ძალიან კარგი იქნება, რათა ბოლო პერიოდში კლების მიზეზს გავიგებთ. გავიგებთ აღმოიფხვრა ეს პრობლემა და ზოგადი პრევენციული ღონისძიებები, რაც ჩატარდა საკმარისია, თუ სხვა  რაიმე  პრობლემა  კიდევ არის“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეცაა საუბარი. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი საქართველო  ქალების სექსულური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც არის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, აღნიშნულია, რომ იმ პერიოდში, რა დროშიც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველოს მთავრობამ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიების რაოდენობა გაზარდა, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული ტრეინინგების დაფინანსება, საინფორმაციო კამპანია.