"სახალხო კრების" წევრის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, საუბარი კოალიციის ლიდერის ცალკეულ რეგიონებში მათ მაჟორიტარობასთან დაკავშირებით შეთავაზებას შეეხო, თუმცა, აღნიშნა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხზე ჯერ არ მიღებულა.
ჯაჭვლიანის განცხადებით, ამდენი ხნის განმავლობაში „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის, რაღაც გადალაპარაკება - გადმოლაპარაკებას, მომხდარ სასიამოვნო თუ უსიამოვნო ფაქტებს წერტილი დაესვა და დამთავრდა.
„ „სახალხო კრება“ ბიძინა ივანიშვილს გამოჩენისთანავე მხარს უჭერდა. ფაქტიურად, ქართულ პოლიტიკაში, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ჩამკვდარი იყო და ივანიშვილი იმედი გამოჩნდა. ბატონი ბიძინას შეთავაზებაზე არ შეგვეძლო არ გვეპასუხა, რადგან „სახალხო კრება“ ყოველთვის ერთიანობაზე, ერთიან ფრონტზე ვსაუბრობთ“, - განაცხდა ჯაჭვლიანმა.
ჯაჭვლიანის განცხადებითვე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე შეთანხმება, ასევე „სახალხო კრებიდან“ ივანიშვილის მიერ, დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატთა სავარაუდო ვინაობის გაზრდაზეც მოხდა.
„ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ მხოლოდ ჩვენ კი არა, „კრებიდან“ თუ დასახელდება ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, ადამიანობით, წარსულით, პატიოსნებითა და საქმის კეთებით საზოგადოება იცნობს ძალიან კარგი იქნებაო. ჩვენ ახლა, ამ დღეებში შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ და კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ კიდევ ვინ შეიძლება გამოადგეს ამ ბრძოლას“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა და დასძინა, რომ „მისი მხრიდან ეს ხმამაღალი განცხადებაა და მოსურნეა ჩამონათვალის ბოლოს იყოს მითითებული.“
ჯაჭვლიანის განცხადებით „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ ვინმე „სახალხო კრებიდან“ მიდის.
„ჩვენ უბრალოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ვართ. თუ სადმე გამოვადგებით დიდი სიამოვნებით დავეხმარებით. ბატონი ბიძინა თუ მიიჩნევს, რომ ჩვენ სამნი გამოვადგებით ამით ფაქტიურად, ყველა კითხვა ამოიწურა. საქართველოს კეთლდღეობისთვის, თუ ბრძოლა გინდა უნდა მიხვიდე და ერთად იბრძოლო“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
შეგახსენებთ, „სახალხო კრების“ წარმომადგენლები სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, გია ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს შეხვდნენ.