კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი სააპელაციო სასამართლოში 29 ივნისისთვის გადაიდო.
სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინტერსებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ადვოკატები ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე და ალექსანდრე ბარამიძე იცავდნენ.
მოწინააღმდეგე მხარე პრეზიდენტის წარმომადგენლის თინათინ სირაძისა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლების ჟანა ქოიავასა და გიორგი გაბრიელაშვილის სახით იყო წარმოდგენილი.
საქმეს კი, მოსამართლეები ირაკლი შენგელია, ქეთევან დუგლაძე და სხდომის თავმჯდომარე თეა გვიმისტარაშვილი იხილავდნენ.
სხდომის დაწყებისას ივანიშვილის ადვოკატებმა სასამართლოს ყურადღების გამახვილება საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე სთხოვეს, როგორიცაა ივანიშვილის 2011 წლის 7 ოქტომბრის განცხადება და იუსტიციის სამინისტროს მიერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ მომზადებული დასკვნაა.
ადვოკატების თქმით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ პრეზიდენტს ივანიშვილის მიმართ ინტერესი გააჩნდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისა.
„7 ოქტომბრის განცხადებაში დაფიქსირებულია ივანიშვილის ის პოზიცია, რომ მას სურვილი აქვს, პოლიტიკური თვალსაზრისით პრეზიდენტს ოპონირება გაუწიოს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ პრეზიდენტს, ივანიშვილის მიმართ ინტერესი გააჩნდა და სწორედ ეს გახდა საფუძველი მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისა. ამასთან, საქმეში არ არსებობს მტიცებულება იმისა, რომელიც დაადასტურებს სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლისა და პარიზში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარს, რომელიც, სამოქალაქო რეესტრის განცხადებით, გახდა იმის გარკვევის ძირითადი მიზეზი, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა“, - განაცხადა თადუმაძემ.
პრეზიდენტის წარმომადგენლის თინათინ სირაძის განცხადებით, ის, რომ აპელანტმა საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.
„ამის გარკვევა არ მომხდარა 7 ოქტომბრის ივანიშვილის განცხადების საფუძველზე. იმ განცხადებიდან ირკვევა მხოლოდ ივანიშვილის ნება, რომ რუსეთის და საფრანგეთის პასპორტები ჩააბაროს. ამის შემდეგ რეესტრმა ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობას ფლობდა“, - განაცხადა სირაძემ.
გიორგი გაბრიელაშვილის მტკიცებით, სააგენტოს მიერ სასამართლოსთვის იმ სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენა მოხდა, თუ რამდენ ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, იმის საშუალება, რომ ამ მონაცემთა დიფერენციაცია მომხდარიყო, არ არსებობდა.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ამ საქმის გამო, გიორგი გაბრიელაშვილი თანამდებობრივად დააწინაურეს.
„თუ სხვა მოქალაქეებსაც საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე შეუწყდათ, მაშინ ამ დოკუმენტების დიფერენცირება შესაძლებელია, თუმცა ეს არის ტყუილი და შეკერილი საქმე და მათ საქმეში არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ“, -განაცხადა ქუცნაშვილმა.
სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა საქმის პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით განმარტები არ გააკეთეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 29 ივნისს 10:00 სთ-ზე გამოცხადდება.