„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭო პარტიის რეგიონალურ ლიდერებსა და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს. აღნიშნულის შესახებ, პარტიის პრესამსახურის მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, შეხვედრების მიზანი თბილისის ყველა რაიონსა და ქვეყნის თითოეულ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური და რეალური წინასაარჩევნო მდგომარეობის შესწავლა და ანალიზია.
„დემოკრატიულ მოძრაობაში“ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გარდა პარტიის აქტივთან ინტენსიური მუშაობისა, „დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტები ხუთ თვეზე მეტია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოსახლეობასთან პირდაპირ საუბრებს აწარმოებს.
„ამომრჩევლებს „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ ოჯახებში სტუმრობენ და ამ ფარგლებში თბილისში 50000-ზე მეტ, ხოლო ბათუმში 10000-ზე მეტ ოჯახს რამდენჯერმე ეწვიენ. აღნიშნული შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის პირდაპირი მონიტორინგი, შესწავლილ იქნას დინამიკა და მივიღოთ მოსახლეობის განწყობის რეალური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში უკიდურესად გაუარესებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ ფარგლებში აწარმოებს ინტენსიურ მიმოწერას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დასავლელ პარტნიორებთან და მეგობარი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
„რათა მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ბოლო დროს გატარებული არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყნის ხელისუფლების უკანონო, არადემოკრატიული ქმედებების შესახებ, რაც ყოველდღიურად ამძიმებს როგორც ამომრჩევლების, ასევე რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მდგომარეობას. „დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და კონფიგურაციის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.