„ქართული ოცნება“ ოზურგეთში 20 ათასამდე ადამიანს ელოდება

„ქართული ოცნება“ ოზურგეთში 20 ათასამდე ადამიანს ელოდება

გურიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. შეკრება ოზურგეთში 19:00 საათისთვის არის დაგეგმილი. აქციისთვის სცენა ალექსანდრე წურწუმიას სახელობის თეატრის წინ მონტაჟდება. ასევე მიმდინარეობს ხმის გამაძლიერებლების და  ეკრანების მონტაჟი აქციაზე მისული იმ ადამიანებისთვის, ვინც სცენასთან ახლოს მისვლას ვერ მოახერხებს.

ოზურგეთში 19:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე კოლონები სხვადასხვა რეგიონებიდან საღამოს დაიძვრება. ორგანიზებული მსვლელობისთვის მზადება დილიდან დაიწყო გურიის ყველა რაიონში.

ლანჩხუთიდან კოლონა დაძვრას 16:00 საათისთვის გეგმავს. კოალიციის ადგილობრივ ლიდერთა გათვლებით ოზურგეთისკენ დაახლოებით 300 ავტომანქანით  1200-მდე ადამიანი დაიძვრება. კიდევ 1000-მდე მსურველისთვის კი, ტრანსპორტის მოძიება ამჟამადაც გრძელდება.

ანალოგიური სამზადისია ჩოხატაურშიც. აქციაზე წასვლის მსურველებს შეკრებისკენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოუწოდებენ.

კოალიციის ლიდერები ოზურგეთში 19:00 საათისთვის, წინასწარი გათვლებით 20 ათასამდე ადამიანს ელოდებიან.