"ქრისტიან დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, „ქდმ“ პოპულისტად მოიხსენია და ბოლო კვირეების განმავლობაში, 10 მილიარდის ღირებულების დაპირებები დაუთვალა, აცხადებს, რომ აქ არანაირ 10 მილიარდზე არაა საუბარი და რომ ეს ძალიან კონკრეტული გეგმებია, რომლებიც მოსახლეობის ყოფით პრობლემებს ეხება.
ვეფხვაძის შეფასებით, სააკაშვილმა მათ ე.წ. „დარტყმა“ მიაყენა და აცხადებს, რომ პრეზიდენტი მათემატიკაში ძალიან სუსტია.
"საარჩევნო კამპანია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან ეფექტური და გამჭირვალეა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია სააკაშვილს ხმები წაართვას. ამიტომაც ის აღქმის უნარს კარგავს. ამას კვლევებიც ადასტურებს. სააკაშვილმა ე.წ. „დარტყმა“ მოგვაყენა, მაგრამ ის, რომ მათემატიკაში სუსტია ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. არანაირ 10 მილიარდზე საუბარი არაა. ეს ძალიან კონკრეტული გეგმებია, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ყოფით პრობლემებს ეხება“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის თქმით, თუ ვინმეს რეალურად სურს კონკრეტული რიცხვების მოსმენა ამის საშუალება არსებობს და აღნიშნულთან დაკავშირებით, „ქდმ“ გამჭირვალედ საუბრობს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის გახსნაზე განაცხადა, საქართველოში დღეს ბევრი პოპულისტია, რომელიც მოსახლეობას ყოველდღე ახალ დაპირებებს აძლევს და მაგალითად „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დაასახელა.
„ბევრი არის პოპულისტი. „ქრისტიან-დემოკრატები“ ყოველდღე ხალხს ახალ რამეს ჰპირდებიან. ბოლო კვირეების განმავლობაში რომ დავითვალე რამდენ რამეს დაჰპირდნენ, კინაღამ ავიღე ტელეფონი და დავურეკე გიორგი თარგამაძეს, რომ მეთქვა – დაახლოებით 10 მილიარდის თამასუქები აქვთ გაცემული. ასე შორს ვერ წავალთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.