ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დღეს სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, არ არსებობს იმის იმედი, რომ ეს დადგენილებები რამეთი უკეთესი იქნება იმაზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა. ამას კი, მათი თქმით, საქართველოში „ დამოუკიდებელი, სამართლიანი და თავისუფალი სასამართლოს არარსებობა“ ადასტურებს.
„ამის საფუძველს მაძლევს ისიც, რომ ამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა ის შუამდგომლობები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს, ასევე ის გარემოებაც, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით „გლობალის“ თეფშების შესახებ დანიშნა ექსპერტიზა, თუმცა ჩვენს მხარეს არ მისცა შესაძლებლობა მათთვის დაესვა შეკითხვები, გარდა ამისა სასამართლოს ის ხასიათიც, რა სახითაც დღეს პროცესი ჩატარდა“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
შალვა თადუმაძის განცხადებით კი მისთვის გაუგებარი იყო ექსპერტიზასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება.
„მაინტერესებს რამდენად კომპლექსური და სრულყოფილი იქნება იმ ექსპერტიზის პასუხი, რომელიც 20 საათში კომპანიის ფინანსურ საკითხს შეისწავლის“, - აღნიშნა თადუმაძემ.
სააპელაციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის თაობაზე დღეს ორი სხდომა გაიმართა.