ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, მის სახლში აღმოჩენილი მოსასმენი მოწყობილობის გამო, ორი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი.
ხუხაშვილის განმარტებით, ერთი მის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა, ხოლო მეორე მეზობლის ბინაში უკანონო შეღწევაა.
„ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ ეს მოსასმენი აპარატურაა. მას შესაბამისი გადამცემი და ავტონომიური კვების ბლოკიც აქვს დამონტაჟებული. იმ შემთხვევაში, თუ შუქი ჩაქრა ალბათ, ნახევარი საათი ჩაიწერს. პრაქტიკულად, ჩემთან შუქი არ ქრება. ალბათ, სურდათ ერთი სიტყვა არ გამორჩენოდათ. აქ ორი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი. ერთი უბედურებაა მე რომ მისმენენ და ჩემს პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ხდება, მეორე კი ისაა, რომ ჩემი მეზობლის კერძო საკუთრებაში უკანონო შეღწევაა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მეზობლის საცხოვრებელ ბინაში ძალიან ბევრი მიზეზის გამო არ შესულა, შესაბამისად არ იცის შიგნით რა ხდება.
ხუხაშვილი ბინის პატრონთან რაიმე შეთანხმებასაც გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტით თვითონაც ძალიან გაკვირვებულია.
„ეს ყველაფერი კადრებით ვნახე. ცხადია, რომ თვითონ ბინის მეპატრონესთან ეს არანაირად არ ყოფილა შეთანხმებული. მისი კომენტარებიც ჩაწერილია. თვითონ გაოცებული და გაკვირვებულია, თორემ სავარაუდოდ, შეიძლებოდა მასზე განხორციელებულიყო ზეწოლა და შეთანხმებულად ემოქმედათ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, როგორც კი, მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის შესახებ შეატყობინეს, მაშინვე მედიას და საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა.
„მედია პატრულზე სწრაფად მოვიდა. მედიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ პატრულზე ბევრად უფრო სწრაფად მუშაობს. პატრულს ჰქონდა შეფერხებები რამოდენიმეჯერ დამჭირდა დარეკვა. შემდეგ კი, პატრულის თანამშრომლები ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით მოვიდნენ. ვიზუალურად დაათვალიერეს ეს ყველაფერი. მერე კი, კრიმინალური სამსახურიდანაც მოვიდნენ, ლენტი გაჭიმეს და რაღაცას აკეთებდნენ“, - აცხადებს ხუხაშვილი.