საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქ. ბათუმში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ორდღიანი, სამედიცინო კონფერენცია „მედეა 2012“ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ათეულობით საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი ჩამოვიდა. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები, სამედიცინო სფეროს, სადაზღვევო ინდუსტრიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მინისტრმა დამსწრეებს ჯანდაცვის რეფორმის მიმართულებები გააცნო და სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
„მედეა 2012“-ის მიზანია დაისახოს ზუსტი კურსი საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის. ამერიკიდან, ევროპიდან, ისრაელიდან და სინგაპურიდან ჩამოსული დელეგატები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, როგორიც ჯანდაცვის სფეროს განვითარება, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ქართულ სამედიცინო სფეროში რეინტეგრაცია, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შექმნა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ინვესტირების მოზიდვაა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ბათუმისა და ქედას სამედიცინო ცენტრები მოინახულეს. უცხოეთში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მიაწოდეს.
პირველი სამედიცინო კონფერენცია „მედეა“ 2011 წელს ქალაქ ვაშინგტონში ჩატარდა. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი და მხარდამჭერია საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი.