must carry

must carry"-ისა და "must oferr"-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვას 11 პოლიტიკური პარტია ეთანხმება

 

კამპანია "ეს შენ გეხებას" მონაწილე მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ინიციატივას "must carry"-ისა და "must oferr"-ის პრინციპების კანონმდებლობაში დანერგვასთან დაკავშირებით 12 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან 11 პარტია ეთანხმება.

 

ამის შესახებ „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ორგანიზაციებმა დღეს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.  მათი განმარტებით,  ამის შესახებ მათ მიერ სპეციალური განცხადება შემუშავდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში დაგეგმილი მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის განსაკუთრებული სიმწვავით მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საკითხი დადგა.

 

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ, პარლამენტში შეტანილ საკანონმდებლო წინადადებებს ვიზიარებთ, რომელიც ქართულ კანონმდებლობაში "must carry-ისა და "must oferr"-ის პრინციპების დანერგვას ეხება. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, აღნიშნული ინიციატივის პარლამენტის მხრიდან გაზიარება, მოსახლეობისთვის ხსვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს",- ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე ცნობილი გახდა იმ პოლიტიკური პარტიების ჩამონათვალი, რომლებიც განცხადებას აწერენ ხელს. მათ შორისაა "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკელები", "ქრისტიან-დემოკრატები", "ახალი მემარჯვენეები", "თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს გზა", "ეროვნული ფორუმი", "ხალხის პარტია", "ევროპელი დემოკრატები", "მრეწველები" და "ლეიბორისტული პარტია“.

 

მათივე განცხადებით, ერთადერთი კვალიფიციური პარტია, რომელიც აღნიშნულ განცხადებას ხელი არ მოაწერა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

 

"ეს შენ გეხებას" მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან პავლე კუბლაშვილთან შეთანხმება ამ დრომდე, ვერც ერთ პრინციპულ საკითხზე ვერ მოახერხეს. პარლამენტში კი მათ საკანონმდებლო წინადადებებზე ხვალ კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. 

 

შეგახსენებთ, რომ "must carry"-ისა და "must oferr"-ის პრინციპების დანერგვას ქართულ კანონმდებლობაში "ეს შენ გეხებას" მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მოითხოვენ. მათი განმარტებით, აღნიშნული პრინციპების დანერგვის შედეგად საქართველოს მოსახლეობას მთელ ტერიტორიაზე მრავაფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება.