„ბატონმა ბიძინამ უკვე განაცხადა, რომ ის არ გადაიხდის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს, რამეთუ მიაჩნია, რომ ეს იყო აბსოლუტურად უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილება და ვფიქრობ, მის მიერ სწორი ნაბიჯი იქნა გადადგმული“, - ეს განცხადება „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ დღეს For.ge-ის (presage.tv) პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას გასცა, რომელიც ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის შესაძლებლობას და ამასთან დაკავშირებით კოალიციის შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა.
ეკა ბესელიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა სწორი და გონივრული პოზიცია წარმოადგინა.
„არანაირი ვალდებულება არ გვაქვს იმ აბსურდისა და ისტერიის თანამონაწილეები გავხდეთ, რომელშიც ხელისუფლებამ სასამართლო ჩართო და არ ვთვლით საჭიროდ ასეთი სასამართლოს მიერ მიღებული სახდელები მივიღოთ როგორც ვალდებულება“, - განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ის „არანორმალური სიტუაცია“, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია არის შექმნილი, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლი დაკარგულია. ამიტომ ბესელია აცხადებს, რომ მათ მიერ გაკეთებული ნებისმიერი პროგნოზი ხელისუფლების ნაბიჯებთან დაკავშირებით იქნება გამოუსადეგარი.
„იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მოქმედება ბოლო პერიოდში ყოველგვარ დადგენილ კანონის ნორმებსა და სამართლებრივ პროცედურებს გაცდა, მგონი უმჯობესია დაველოდოთ მათ რეალურ ქმედებებს. იმიტომ რომ ნებისმიერი წინასწარ გაკეთებული პროგნოზი უკვე ამ სიტუაციაში იქნება გამოუსადეგარი“ - განაცხადა ბესელიამ.