რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის კონსტანტინ რომოდანოვსკის განცხადებით, საემიგრაციო სამსახურმა დააფიქსირა კანონმდებლობის დარღვევის 9000 ფაქტი-ამდენი არალეგალი ქართველი აღმოჩინეს რუსეთში.
"რუსეთში 9000 ქართველი ცხოვრობს, რომელთაც დაარღვიეს 90 - დღიანი სავიზო რეჟიმი. ჩვენ მათ ვიპოვით და მათ მიმართ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას: დეპორტაცია ან სასამართლო, წესრიგი დაცული უნდა იყოს",- განუცხადა რომოდანოვსკიმ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,
რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გაკვირვება გამოთქვა საქართველოს მოქლაქეების მიმართ, რომელთაც ევროსასამართლოს მიმართეს რუსეთიდან დეპორტირების შემდეგ და რომელთა სარჩელიც დღეს განიხილება.
"თუ სავიზო რეჟიმი დარღვეულია, მაშინ მოქალაქეებს სამშობლოში აგზავნიან უკან, საშინელებას ამაში ვერ ვხედავ. ასეთი პრაქტიკა მრავალ ქვეყანაში არსებობს",-აცხადებს კონსტანტინ რომოდანოვსკი.
საქართველოს მიერ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელი 2006 წელს რუსეთიდან ქართველების უკანონო დეპორტაციას ეხება. ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დასკვნითი მოსმენა დღეს გაიმართება.