კახა ბექაურმა  „მე - 9 არხის“  პრობლემებზე ისაუბრა

კახა ბექაურმა „მე - 9 არხის“ პრობლემებზე ისაუბრა

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის განცხადებით, „მე-9 არხს“ დაარსების დღიდან   გაუგონარი და აუხსნელი პრობლემები სდევს თან, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მან არა თუ მაუწყებლობა გააფართოოს და სრულყოფილ არხად შედგეს, არამედ საცდელი მაუწყებლობითაც კი, მისი ფუნქციონირება  შეუძლებელი იყოს.

„დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ტექნიკა, რომლის ექსპორტსაც ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახორციელებდა, საბაჟო ტერმინალში 7-ჯერ გაანადგურეს მაშინ, როცა ტვირთი გამოგზავნამდე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ მოწმდებოდა და ილუქებოდა. დალუქულ მდგომარეობაში შედიოდა საბაჟოზეც, უკვე იქიდან გამოსულს კი აღარც ლუქი ჰქონდა და ტექნიკაც მწყობრიდან იყო გამოსული. ყველა ფაქტი დადასტურებულია და არსებობს როგორც ვიდეო, ისე დოკუმენტური მასალა“, - განაცხადა ბექაურმა.

ბექაურის განცხადებით, ტელეკომპანიას პრობლემები ექმნება რეგიონული ბიუროების გახსნის პროცესშიც, რადგან ოფისების გაქირავებაზე მეპატრონეები დიდწილად უარს ამბობენ.

მისი თქმით, „მე - 9 არხი“ საქართველოს მასშტაბით 35 რეგიონული ბიუროს ჩამოყალიბებას აპირებს, რომელთაგან დიდი ნაწილი უკვე ფუნქციონირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ პროცესშიც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.

„ყველა, ვისაც ოფისების გაქირავება სურს, უარს ამბობს ამის გაკეთებაზე, როცა იგებს, რომ კონტრაქტორი „მე-9 არხია“. მეტიც, საჩხერეში, ბორჯომსა და სიღნაღში ოფისების მეპატრონეებმა გაფორმებული კონტრაქტების გაუქმება მოითხოვეს და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა“, -  განაცახადა  ბექაურმა.

 ბექაურის თქმითვე, ტელევიზიაში ამ დრომდე ვერ მოხერხდა ოპტიკური ინტერნეტის შეყვანა, რადგან არც ერთმა ინტერნეტპროვაიდერმა, რომელსაც ამის გაკეთების კომპეტენცია აქვს, „მე-9 არხს“, ეს მომსახურება არ გაუწია.

ამასთან ბექაურის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შექმნილი კომპანია „ბლექსისატი“ „მე-9 არხისთვის“  სატელიტური მაუწყებლობის შეწყვეტას ცდილობს.

„კომპანია „ბლექსისატი“, რომელიც შექმნილია ხელისუფლების ხელდასმით, ცდილობდა და ეს გრძელდება დღესაც, რომ „მე-9 არხს“  შეუწყდეს სატელიტური მაუწყებლობა, რაც ჩვენთვის გავრცელებისა და მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. „ბლექსისატს“ სურს, რომ ყველა ქართული არხის სატელიტური მაუწყებლობა განხორციელდეს სწორედ მისი გავლით და ამიტომაც, ჰქონდა მცდელობა, რომ თურქულ სატელიტურ კომპანია „თურქსატს“  „მე-9 არხის“ მომსახურებაზე უარი ეთქვა. ამის გამო მან „თურქსატს“ წერილიც მისწერა, რის შემდეგაც ჩვენ ჩავედით თურქეთში და განვუცხადეთ კომპანიას, რომ სწორედ მასთან გვსურდა კონტრაქტის გაგრძელება და ვთხოვეთ, რომ არ შეეწყო ხელი საქართველოში კიდევ ერთი მონოპოლისტის შექმნისთვის“, - განაცხადა ბექაურმა.