სუროგატი დედობა ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით  იკრძალება

სუროგატი დედობა ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით იკრძალება

სუროგაციის გამოყენების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ უშვილო წყვილს ექნება.

შესაბამისი ცვლილება "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომლის მიხედვით, სუროგაცია სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგატული დედა შეიძლება იყოს რეპროდუქციული ასაკის ქმედუნარიანი ქალი, რომელსაც ჰქონდა ერთი მშობიარობა მაინც ცოცხალი ნაყოფით.

ქორწინებაში მყოფი ქალის სუროგატული დედობა, მხოლოდ ქმრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში იქნება დასაშვები.

ამავე კანონპროექტის თანახმად, სუროგატული დედობა ფინანსური სარგებლობის მიღების მიზნით აკრძალული იქნება.

რაც შეეხება თავად სუროგაციას, ეს არის უშვილო წყვილის, ერთი მხრივ, და რეპროდუქციული უნარის მქონე ქალის, მეორე მხრივ, შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ქალი თანახმაა დაორსულდეს ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიის გამოყენებით და ბავშვი დაბადების შემდეგ გადასცეს წყვილს.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქალს სუროგატი დედობა მხოლოდ ორჯერ შეეძლება.

უშვილო წყვილსა და სუროგატ დედას, მათ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით შესაძლოა ხელშეკრულების დადება და მისი ნოტრაიუსთან დამოწმებაც მოუწიოთ.

კანონპროექტით,  უშვილო წყვილი ვალდებული იქნება დაიცვას სუროგატული დედის ვინაობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, როგორც ბავშვის დაბადებამდე, ისე მის შემდეგ, თუ ამას მოითხოვს სუროგატული დედა. სუროგატი დედის ეს სურვილი, წყვილსა და მას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში უნდა იყოს ასახული.

ახალი კანონპროექტის ავტორი პარლამენტის ჯანდაცვის  კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძეა.