შალვა თადუმაძე:  სასამართლოზე ვერ დასახელდა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის ბრალეულობას გამოავლენდა

შალვა თადუმაძე: სასამართლოზე ვერ დასახელდა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის ბრალეულობას გამოავლენდა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სატელიტურ ანტენებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის სასამართლო განხილვა, ორშაბათამდე გადაიდო. ოქმის განხილვა  11 ივნისს, 12:30 საათზე განახლდება.

კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ბიძინა ივანიშვილი სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ დარიგებაშია დადანაშაულებული.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის,  შალვა თადუმაძის განცხადებით, მოსამართლე კობა გოცირიძემ საქმეში ისეთი მტკიცებულები არ მიიღო, რომლებიც კონტროლის პალატის მიერ ოქმის არასწორად  შედგენას ადასტურებს.

თადუმაძე აცხადებს, რომ პროცესი არაობიექტურად მიმდინარეობდა, კონტროლის პალატის მტკიცებულებები კი ვერ ადასტურებდა წყაროს, რომლის საფუძველზე  ბიძინა ივანიშვილის  დამნაშავედ გამოცხადება შეიძლებოდა.

„ბიძინა ივანიშვილს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ის კომპანია კი, რომელიც მოხსენიებულია, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების საქმეში - „გლობალ კონსტალინგ გრუპი“ საერთოდ არ არის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული. ამასთან, ივანიშვილის სახელზე საქართველოში არც ერთი კომპანია არ არის დაფუძნებული, იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. სასამართლო პროცესზე ვერ დასახელდა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის ბრალეულობას გამოავლენდა“, - განაცხადა თადუმაძემ.