კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ფონდ „ქართუსა“ და ასოციაცია „ატუ“-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენას სთხოვს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას კონტროლის პალატა აქვეყნებს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წერილობით მიმართა ფონდ „ქართუ“-სა და ასოციაცია „ატუ“-ს 2011 წლის 1 ნოემბრიდან 1 ივნისამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშგებების წარმოდგენის შესახებ.
აღნიშნული მიმართვა ეფუძნება დასაბუთებულ ვარაუდს ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე, რაც ფონდი ,,ქართუ“-ს შემთხვევაში უკავშირდება იმ ფაქტებს, რომ იგი წარმოადგენს გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ორგანიზაციას და ამავდროულად, ფონდის დირექტორი (გამგეობის თავმჯდომარე) ირაკლი ღარიბაშვილი გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციის - კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ასოციაცია ,,ატუ“-ს შემთხვევაში დგინდება მისი ეკონომიკურ-ფინანსური კავშირი შპს ,,ბურჯთან“ და შპს ,,ელიტა ბურჯთან“, რომლებიც ასევე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებია, რომელთა მეშვეობით განხორციელებული პოლიტიკური დაფინანსების კანონსაწინააღმდეგო ფაქტი გამოვლენილია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაზედაც სამართალწარმოება მიმდინარეობს სასამართლოში.
ამდენად, აღნიშნული სუბიექტებისაგან ფინანსური ანგარიშგებების გამოთხოვა მიმართულია მონიტორინგის კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გარემოებების სრულად და ობიექტურად გამოკვლევისკენ და კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის მიღებას ემსახურება, რათა მიღებულ იქნეს გონივრული რწმუნება ამ სუბიექტების ფინანსური საქმიანობების ორგანული კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე“, - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.