უმრავლესობამ ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

უმრავლესობამ ამნისტიის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  ჯონდი ბაღათურიას მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგენა.

ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ 273–ე მუხლით მსჯავრდებული პირები, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეეხება, ასევე 260–ე მუხლის პირველი ნაწილით( ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, დამზადება ) გასამართლებული ადამიანები. ხოლო 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლებულებს კი სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ.

ბაღათურია ამნისტიის გამოცხადებას 49 მუხლით გასამართლებულ ადამიანებზე მოითხოვდა. მან უმრავლესობას კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა და მოუწოდა ღიად ეთქვათ რამდენი მუხლის ამნისტიას უჭერდნენ მხარს.

კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა ბაღათურიას განუცხადა, რომ ახლა პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის და ამ მუხლების ამნისტირებით დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება.

„ჩვენ ვერანაირად ვერ დავუშვებთ, რომ თეთრი ბაირაღები გამოვკიდოთ და ვინც დანაშაულისთვის სასჯელს იხდის ყველა გავათავისუფლოთ“, – მიმართა კუბლაშვილმა ბაღათურიას და იქვე დაამატა, რომ ამ ტიპის ამნისტია დაუსჯელობის სინდრომს გააღვივებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ კი განმარტა, რომ მთავარია უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოება დაიცვან, შემდგომ კი უნდა მოხდეს მსჯავრდებულებზე ზრუნვა.

კომიტეტში ბაღათურიას მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა გაიმართა. კანონპროქტის მომხრე თავად ბაღათურია იყო, უმრავლესობის 6 წევრი კი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. ამდენად, კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროქეტს უარყოფითი დასკვნა მისცა.