ჟენევის შეხვედრაზე რუსული მხარე  ტერმინ „ოკუპაციას“ აპროტესტებს

ჟენევის შეხვედრაზე რუსული მხარე ტერმინ „ოკუპაციას“ აპროტესტებს

დღეს,  ჟენევაში კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფორმატში რიგით მეოცე რაუნდი იმართება. შეხვედრას საქართველოს, რუსეთის,  ე.წ სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლები ეწრებიან. მხარეები განიხილავენ ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი (იპრმ)  შედეგებს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველოს- ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. განიხილება ასევე დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხები.

ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღიარებაზე და დევნილთა საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხზე.  „ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რატომ არის ეს ტერიტორიები ოკუპირებული, რათა თუ ვინმეს კიდევ რაიმე ეჭვი აქვს გაჩენილი, გაიფანტოს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  სერგი კაპანაძემ.

ოფიციალური რუსეთი შეხვედრაზე საქართველოს მხარეს 2010 წელს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღიარებას შეახსნებს. რუსეთის მთავარ საკითხს კი დღევანდელ შეხვედრაზე ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ გაპროტესტება წარმოადგენს.

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებს განემარტოთ ტერმინი „ოკუპაცია“.

„ექსპერტებმა განმარტეს რა არის ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ და როგორ გამოიყურება ეს  უფლებების დაცვის საერთაშორისო კუთხით.  ამ ექსკურსმა ნათლად დაგვანახა, რომ ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორია“ აბსოლუტურად არ შეესაბამება  იმ საერთაშორისო ლექსიკას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობს დასავლეთს დააჯეროს“,-განმარტა კარასინმა.

შეგახსენებთ, გუშინ ჟენევაში სამხრეთ ოსეთის  მხარის ინციატივით  გაიმართა ექსპერტთა სესია ტერმინ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით.