ჯონდი ბაღათურიამ პროტესტის ნიშნად ჯანდაცვის კომიტეტის  სხდომა დატოვა

ჯონდი ბაღათურიამ პროტესტის ნიშნად ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა დატოვა

„ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს, პროტესტის ნიშნად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის  სხდომა დატოვა. ამ სხდომაზე ბაღათურიას მიერ ინიცირებული - მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.

ჯონდი ბაღათურიას თქმით, პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში,  სექტემბრიდან 631 ათასი ასაკით პენსიონერი  საარსებო მინიმუმთან გათანაბრებულ პენსიას მიიღებს.  დეპუტატის თქმით, საარსებო მინიმუმი დღეისათვის 168 ლარია. 

სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძემ განაცხადა, რომ ბაღათურიას მიერ წარდგენილი კანონპროექტი მოძველებულია, რადგან ის 2010 წლის გათვლებითა და მონაცემებით არის შემუშავებული.

„კანონპროექტი გადასაწერია, პენსიონერთა რაოდენობაც შეცვლილია, გარდა ამისა, დეტალურად უნდა გაწეროთ ბიუჯეტის ხარჯების რა ნაწილი უნდა შემცირდეს  იმისათვის, რომ დამატებით საჭირო 600 მლნ. ლარის მობილიზება მოხერხდეს“ - განაცხადა გოდაბრელიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით კი, ბაღათურიას მიერ მომზადებული კანონპროექტი  საქართველოს მთავრობის მიერ დაწუნებულია და მისი მხარდაჭერა არსებული სახით შეუძლებელია.

„პენსიების გაზრდის შესახებ იდეას ვეთანხმებით. ვიცით, რომ დღეს პენსია მცირეა და ის უნდა გაიზარდოს, რაც ეტაპობრივად ხორციელდება კიდეც, და პენსია საარსებო მინიმუმს უახლოვდება“ - განაცხადა თოიძემ.

კომიტეტის სხდომას  ბაღათურიას მიერ მოწვეული რამდენიმე პენსიონერიც ესწრებოდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დღეისათვის არსებული პენსია  შეურაცხმყოფელია. მათივე თქმით, პრეზიდენტმა რამდენიმე წლის წინ პენსიონერებს პენსიის 100 დოლარამდე გაზრდა დაჰპირდა, რაც არ სრულდება.