პრემიერმინისტრი ნიკა გილაური მთავრობის სხდომაზე მომავალი წლიდან აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში განსხვავებული სისტემით ჩაბარებას გამოეხმაურა.
გილაურის განცხადებით, აქამდე საქართველოში იყო სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სკოლაში რვა გამოცდას აბარებდნენ, რის შემდეგაც მათ დამატებით ოთხი გამოცდის ჩაბარება უწევდათ. საჭირო იყო ჯერ სკოლის გამოცდებისთვის მომზადება და რეპეტიტორების აყვანა, შემდეგ კი ოთხი გამოცდისთვის მომზადება.
„ეს, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფინანსური ტვირთი იყო ოჯახებისთვის. თავის დროზე ჩვენ დავნერგეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა იყო. თუმცა მოვიდა დრო, რომ ეს რეფორმებიც გადავაკეთოთ, სიახლეები დავნერგოთ. შესაბამისად, მომავალი წლიდან გვექნება სისტემა, სკოლის მოსწავლეები რვა გამოცდას ჩააბარებენ სკოლაში, პლიუს ერთ გამოცდას სკოლაშივე უნარებში ჩააბარებენ და ამის მიხედვით მოხდება მათი უნივერსიტეტებში წასვლა“, - განაცხადა გილაურმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წელს უკანასკნელად ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 28 ივნისს დაიწყება. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.
ცნობისთვის, მომავალი წლიდან აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში განსხვავებული სისტემით ჩაბარებაზე განცხადება გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.