ქუთაისის პარლამენტის ადმინისტრაციული ნაგებობის კარკასი მეორე სართულიდან დაახლოებით 12-დან 15 მეტრამდე არის ჩამოქცეული. ამის შესახებ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ From.ge- სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ის რეჟისორ ზაზა კოლელიშვილთან ერთად გუშინ 7 საათზე გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე, სადაც გაძლიერებული კორდონი და პოლიციის შემადგენლობა დახვდათ მობილიზებული, რომლებიც შემთხვევის ადგილზე არ უშვებდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგინე საქართველოს პარლამენტის წევრის დამადასტურებელი საბუთი, რომლითაც ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება მქონდა, მაინც წინააღმდგეგობა შემხვდა. ეს იყო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვინმე ირაკლი გენელიძისგან, რომელიც აცხადებდა, რომ მას ბრძანება ჰქონდა არავინ შეეშვა“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ
მისი თქმით, სწორედ ამ მომენტში შეხვდნენ ქუთაისის მერს, გია თედორაძეს, რომელმაც მისი თხოვნის გათვალისწინებით შემთხვევის ადგილზე კოლელიშვილთან ერთად შეიყვანა.
„მე პირადად ვნახე ადმინისტრაციული შენობის კარკასი, რომელიც მეორე სართულიდან დაახლოებით 12-დან 15 მეტრამდე არის ჩაქცეული. როგორც ჩანს, შენობამ ბეტონის მასის იმ ნაწილს ვერ გაუძლო, რომელიც ახალი ჩასხმული იყო“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება დაზარალებულებს, ლორთქიფანიძის განმარტებით, ქალაქის მერი მათ არწმუნებდა, რომ დაზარალებული მხოლოდ ერთადერთი, მშენებლობის ბრიგადირი რეზო ნებიერიძეა, რომელიც 55 წლის ზესტაფონის მკვიდრია.
„მან სრული პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რომ ამის გარდა არავინ დაზარალებულა, დაშავებულა ან გარდაცვლილა. ის გვარწმუნებდა, რომ სხვას არავის არანაირი სახის დაზიანება არ მიუღია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.