ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი მარსაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკაში ერთ-ერთ შეხვედრაზე ტყუილი თქვა.
გოდერძი მარსაგიშვილის განცხადებით, ჩიკაგოს სამიტის დროს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკაში ყოფნისას და ერთ-ერთი შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ყაზბეგში ლამაზი, კოპწია საავადმყოფო ააშენა, სადაც მკურნალობა ისეთი ხელმისაწვდომია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდანაც კი გადმოდიან ადამიანები სამკურნალოდ.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზბეგის საავადმყოფო მთლიანად დატვირთულია და ამ საავადმყოფოში ჩრდილოეთ ოსეთიდან და ჩეჩნეთიდან გადმოდიან სამკურნალოდ. იგივე გაიმეორა ლაგოდეხის საავადმყოფოზე, რომ აზერბაიჯანელები დადიან და მკურნალობენ. ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ყაზბეგში არავინ არ დადის სამკურნალოდ არც ჩრდილოეთ კავკასიელები და არც ადგილობრივები, რადგან მკურნალობა ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, 200 ლარამდე ჯდება ხელის თაბაშირში ჩასმა, რის თანხებიც ადგილობრივებს არ გააჩნიათ “, - აღნიშნა მარსაგიშვილმა.
ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მაისის თვეში, ყაზბეგის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი რუსი ქალბატონი იმყოფებოდა(ეს ქალბატონი სასტუმროს აშენებს ყაზბეგში), რომელმაც ინსულტი მიიღო და იქ რამდენიმე საათი დაჰყო, შემდეგ კი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.