კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ცრუ ანონიმურ ზარებზე რეაგირებისკენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა.
ამასთან დაკავშირებით კოალიცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„კოალიცია “ქართულ ოცნებას” უკავშირდებიან მოქალაქეები და ატყობინებენ ანონიმური სატელეფონო ზარების შესახებ, რომლითაც მათ ეპატიჟებიან “ქართული ოცნების” ოფისში, ვითომდა, საჩუქრების მისაღებად.
კოალიცია აცხადებს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი ბინძური პროვოკაცია, ნაწილი ერთი დიდი გეგმისა, რომელიც მან ქუთაისში წამოიწყო და რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციაა. კოალიცია მოუწოდებს მოსახლეობას, არ აჰყვეს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას.
კოალიცია მიმართავს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორის კომისიას და საქართველოს პროკურატორას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტებით და მოახდინოს სათანადო რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.