„მაესტროს“ ეთერში გამოსვლისა და კრიტიკული განცხადებების გაკეთების გამო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს ქეთევან ტომარაძეს საყვედური გამოუცხადეს.
პარლამენტის აპარატის უფროსმა დავით ჯანიაშვილმა „ქეთევან ტომარაძის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ ბრძანებას 1 ივნისს, მოაწერა ხელი. ამ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქეთევან ტომარაძეს შენიშვნა ეძლევა 29 მაისს, სამსახურში დაგვიანებით გამოცხადებისა და სამსახურში შეტყობინების წესის დარღვევის გამო.
From.ge-სთან საუბარში აღმოსავლეთმცოდნემ, მწერალმა და მთარგმნელმა ქეთევან ტომარაძემ განაცხადა, რომ 29 მაისს, დილით „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში გამოდიოდა, სადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განთავისუფლების გამო პროტესტი გამოთქვა.
„მაესტროს“ ეთერში მე გავაკრიტიკე ხელისუფლების უგუნური ნაბიჯი - მაია მიმინოშვილის გათავისუფლება და გამოცდების სისტემის ცვლილება. ასევე განვაცხადე, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების 95% ოპოზიციურად არის განწყობილი და „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს არ უჭერს“, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.
მისი შეფასებით,სიმართლის თქმა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ, როგორც პარლამენტის შენობაში, ისე მის გარეთ, რაც ეწინააღმდეგება საღ აზრსა და დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებს.
„ჩემს მიმართ შენიშვნის წერილობით გამოცხადების საბაბი სწორედ ეს გახდა, თუმცა, მიზეზი უფრო ღრმაა. ფორმალური თვალსაზრისით, ეს არ არის ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა, რადგან მე „მაესტროს“ ეთერში გამოსვლის დროს სამსახურში მართლაც დავაგვიანე, მაგრამ, ზნეობრივად, ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური ნიმუშია. პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას ვერაგული ჩანაფიქრი აქვს, მომიხსნას ივნისის სოლიდური პრემია, ანალოგიური შენიშვნები დააგროვოს და მსგავსი ბრძანებების საფუძველზე სამსახურიდან გამათავისუფლოს“, – აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.
იგი პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეამოწმოს რითი არიან დაკავებული სამუშაო საათებში პარლამენტში დეპუტატები.
„პარლამენტს ფუნქცია მოუშალეს და უსაქმურობის ბუდედ გადააქციეს, თანამშრომლებს სამუშაოს არ აძლევენ, რადგან საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი გახდა. პარლამენტმა მაკონტროლებელი ფუნქცია მთლიანად დაკარგა და გამოუცდელ და უნიჭო ნოტარიუსად გადაიქცა, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.