ქუთაისის გარდა „ქართული ოცნების“ წევრები წყალტუბოსა და თერჯოლის პოლიციებში დაიბარეს -აცხადებს „ქართული ოცნების“ ერთ ერთი წევრი, თეა წულუკიანი.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 2 წევრსა და „თავისუფალი დემოკრატების“ წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მაია შალამბერიძეს პოლიციაში გამოცხადებისთვის 1 საათის ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სპეცნაზით გამოყვანით ემუქრებიან. წულუკიანის ინფორმაციით, დღეს, დილით ისინი მოსახლეობას 10 ივნისის მოსაწვევებს ურიგებდნენ, პოლიციის სატელეფონო ზარიც სწორედ ფლაერების დარიგების შემდეგ განხორციელდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ იმერეთში საბოლოოდ მიიტანა იერიში ქართველი ხალხის ყველაზე ძვირფასს ნაწილზე - ახალ თაობაზე, მათ სამი ადამიანის იმპროვიზირებული თვითინიციატივით გაკეთებული განცხადება გამოიყენეს იმისთვის, რომ ქუთაისში ზესტაფონში, წყალტუბოსა და თერჯოლაში, ჩვენს ახალგაზრდულ საყრდენ წერტილებზე მიიტანონ დარტყმა“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის განცხადებით, ახალგაზრდები აბსოლუტურად კოალიციის პრინციპებიდან გამომდინარე მოქმედებენ და შესაბამისად ისინი კანონის ერთგულნი არიან და აღნიშნა, რომ ის რაც მოხდა სამი ახალგაზრდის მიერ „სულელური განცხადებების“ შედეგად უბედური შემთხვევა იყო.
„ეს არის უკვე უბადრუკობა და ახალი თაობის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი უკვე მობილიზებულია იმისთვის, რომ ადვოკატებთან ერთად მივიდნენ პოლიციაში, ნაწილი ისევ შტაბებში რჩება. რომლებიც აუცილებლად მივლენ და დააკითხვინებენ თავს პოლიციას, თუ ისინი კეთილს ინებებენ და ეტყვიან რა საქმეზე იბარებენ“ - აცხადებს წულუკიანი.
მისივე ინფორმაციით, როცა გამომძიებელს ურეკავენ და ეკითხებიან რა საკითხზე ხდება ახალგაზრდების დაბარება, ის ტელეფონს თიშავს. გარდა ამისა, წულუკიანი აცხადებს, რომ ახალგაზრდების არც ადვოკატებით უზრუნველყოფა არ ხდება, ამიტომ იგი თერჯოლიდან წყალტუბოში მიემგზავრება.
„ჩვენ მტკიცებულება გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ რა უკანონო ქმედებას ჩადის პოლიცია და როგორ ემუქრება ახალგაზრდებს, რომ სპეცნაზის მსხვერპლად აქცევენ თუ არ გამოცხადდებიან პოლიციაში“, - აღნიშნა წულუკიანმა.