პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტების მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გრიგოლ ამბროლაძის დაკავების ფაქტს გმობს.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ არა დანაშაულის ჩადენას. ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს პირები გარიცხული იქნენ პარტიის წევრობიდან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.
„კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაუვალი გამარჯვების მოახლოებამ ხელისუფლება აგონიაში ჩააგდო. ნაცვლად იმისა, რომ მან ქართული საზოგადოებისა და უცხოური თანამეგობრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება - სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს, ის უფრო მეტი გააფთრებით განაგრძობს უკანონო მოქმედებას. ზეწოლა და მუქარა მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ხელისუფლების მიზანია, დაშინებით მოახდინოს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედება, რასაც იგი მაინც ვერ მიაღწევს.
ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრების ქ. ქუთაისში დაკავების ფაქტზე. მივიჩნევთ და ამას ისინი საჯარო განცხადებით თავადაც ადასტურებენ, რომ მათ მიერ ადგილი ჰქონდა პარტიის წესდების მოთხოვნების უხეშ დარღვევას, მაგრამ არა დანაშაულის ჩადენას. ამის გამო, პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, ეს პირები გარიცხული იქნენ პარტიის წევრობიდან. მიგვაჩნია, რომ წინასწარი გამოძიების წარმოებისას არ იყო აუცილებლი ახალგაზრდების მიმართ გამოყენებულიყო ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება, მაშინ, როდესაც არათუ გაუაზრებელი დაპირებისათვის, არამედ გააზრებული და დამთავრებული მოქმედებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, დეპუტატები მხილებულნი არიან ამომრჩევლის მრავალგზის მოსყიდვაში. ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედებაზე შესაბამისი ორგანოების მიერ არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
ჩვენ ვემიჯნებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ხელოვნური ზემოქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. მოვითხოვთ, ახალგაზრდებზე ყოველგვარი ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველს მიეცეს მათი დაუყოვნებლივი მონახულების შესაძლებლობა. აგრეთვე მოვითხოვთ ამღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქი სახით შეცვლას და ობიექტურ გამოძიებას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.