ეკა ფოფხაძე: „ქართული ოცნების“  აქტივისტების დაკავებაზე განცხადება პროკურატურამ მათ დაკავებამდე ნახევარი საათით ადრე გაავრცელა

ეკა ფოფხაძე: „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებაზე განცხადება პროკურატურამ მათ დაკავებამდე ნახევარი საათით ადრე გაავრცელა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ეკა ფოფხაძის განცხადებით, პროკურატურამ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავებაზე განცხადება მათ დაკავებამდე ნახევარი საათით ადრე გაავრცელა.

მისი თქმით, პროკურატურის წინსწრები განცხადება გარკვეულ ეჭვებს აჩენს და აცხადებს, რომ სიტუაცია ცოტა არ იყოს და, ბუნდოვანია.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიყავით ჩვენს იურისტებთან. იმ მომენტისთვის არანაირ დაკავებაზე არ იყო საუბარი. ბიჭები მოწმის სახით დაიკითხნენ და ივსებოდა ოქმები. დაკავება დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოხდა. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტს, სიტუაცია ცოტა არ იყოს ბუნდოვანია“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძის განცხადებით,  ბრალდების მხარეს, გარდა  ჩვენებებისა, ახალგაზრდების მიერ  ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუსა არანაირი დამატებითი მტკიცებულებები არ აქვს.

საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტელევიზიებისთვის მიცემული ინტერვიუს საშუალებით და ამ მტკიცებულებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არაკანონიერია.

„ეს ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.  მათ უბრალოდ ჟურნალისტებს მისცეს მსგავსი ინტერვიუ. თავად კოალიციაშიც აცხადებენ, რომ მათ მსგავსი რამე ახალგაზრდებისთვის არ დაუვალებიათ. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის დადგენა. ველოდებით ბრალდების მხარის მტკიცებულებებს“, - განაცხადა ფოფხაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სამართალდამცველებმა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით მიხეილ მესხი, გაგა ამბროლაძე და მიხეილ ამაშუკელი დააკავეს.