ქუთაისში ახლად აშენებული პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ისინი შენობის მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებენ და საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან არავის უშვებენ. პოლიციელები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იციან მიზეზი, რატომ გამოიძახეს ისინი პარლამენტთან. მათივე განცხადებით, ნაბრძანები აქვთ, რომ შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ შეუშვან.
წინასწარი ინფორმაციით, ახლად გახსნილ შენობაში, რომლიც დასრულებული ჯერ არ არის, ხარაჩოები ჩამოინგრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტი მსხვერპლით დასრულდა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი, მაკა გიგაური აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა.