პროკურატურამ ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი დააკავა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
„2012 წლის 6 ივნისს, ქუთაისის მთავარ სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დაიკითხა გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.
აღნიშნული პირების მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებების, აგრეთვე სხვა მოწმეთა ჩვენებების, მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიო-ვიზუალური ინფორმაციებისა და ოპერატიული ჩანაწერების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი გრიგოლ ამბროლაძის, მიხეილ მესხისა და მიხეილ ამაშუკელის ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემისათვის (დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით).
ზემოთ თქმული გარემოებებიდან გამომდინარე, 2012 წლის 7 ივნისს, აღნიშნული პირები დაკავებული იქნენ ბრალდებულის სახით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში წარგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად.
გამოძიების მიზანია დაიცვას კანონმდებლობით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემო, მოქალაქეთა და პოლიტიკურ პარტიათა კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.