პაატა შეშელიძე: თუ ევროპა გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ის რეგიონებად დაიშლება

პაატა შეშელიძე: თუ ევროპა გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ის რეგიონებად დაიშლება

 

"ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტის პაატა შეშელიძის აზრით, თუ ევროპამ სასწრაფოდ არ მოძებნა შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი, მსოფლიო ეკონომიკური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, დამნაშავე კი ამ შემთხვევაში, Transparency International-ის მიერ დასახელებული კორუფციაა, რომელმაც წლების განმავლობაში მოიცვა ევროპა.

„ევროპა ახლა გზაჯვარედინზეა, თუ ვერ მოახერხა მან  ამ ჩიხიდან გამოსვლა, არა მარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური კრიზისები დაიწყება. ჩემი პროგნოზით, თუ ევროპა გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ახლა აკეთებს, ევროპა არა ქვეყნებად, არამედ რეგიონებად დაიშლება. ეს ძალიან სერიოზული დაპირისპირებების საგანი შეიძლება აღმოჩნდეს. ხშირად გვავიწყდება, რომ კორუფცია არ არის მარტო ის, როდესაც პოლიციელი ქუჩაში იღებს ქრთამს. კორუფცია არის არასწორი გადაწყვეტილებები, მათ შორის პოლიტიკური, ფულის ბეჭდვა, სესხების გაცემა, დიდი კორპორაციების მხარდაჭერა. ამის თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ გერმანიის კანცლერი შროდერი, რომელიც რუსეთის სამთავრობო პროექტს ლობირებდა, ხოლო გადადგომის შემდეგ ამ პროექტის ხელმძღვანელი გახდა. ფაქტიურად იგი პუტინის წარმომადგენელი გახდა დასავლეთ ევროპაში, მისი მოადგილე კი ამ პროექტით, სამხრეთ-დასავლეთ განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა.

თუ ევროპა მართლაც რეგიონებად დაიშალა, მაშინ ყველა რეგიონი უფრო კარჩაკეტილი გახდება, სათავეში მოვლენ ავტორიტარული ძალები, რომლებიც ნაციონალიზმზე იქნებიან ორიენტირებული. აქედან გამომდინარე ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ევროპაც და დანარჩენი სამყაროც. ევროპის ქვეყნებში ხალხი უკმაყოფილოა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში არასწორი პოლიტიკა ტარდებოდა. დახმარება ეძლეოდათ მათ, ვისთვისაც არ უნდა მიეცათ, ფული იბეჭდებოდა დიდი რაოდენობით, ერთი სიტყვით, არასამართლიანად ხდებოდა ბევრი რამ.თუკი ევროპა სასწრაფოდ არ შემოატრიალებს მდგომარეობას, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო“,-აცხადებს შეშელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის დასკვნით, ევროპის და შესაბამისად, მსოფლიო კრიზისში დამნაშავე კორუფციაა. „მკაცრი ეკონომიკური ზომების მიღება და კორუფციიის თანაფარდობა, სულ ახალ-ახალი სკანდალები ხელისუფლების, პარლამენტარები, ბანკის მოხელეებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით, მოსახლოების უკმაყოფილებას ზრდის და ქვეყანაში სოციალურ აფეთქებას უწყობს ხელს“,-ნათქვამია დასკვნაში.