კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი, ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, შუშის ხიდი იქნება თუ ბეტონის, აცხადებს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, დასაქმებაში და კიდევ ბევრ სფეროში არსებულ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას დღეს ასე აწუხებს.
„საზოგადოებაში არსებულ ბევრ პრობლემაზე მუშაობს „ქართული ოცნება“ და ხანდახან თუ მიხეილ სააკაშვილის უგემოვნო რაღაც საქმიანობას შევეხებით, ეს მას აღიზიანებს. გაღიზიანებული მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის. რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მას შემდეგ ის მუდმივად გაღიზიანებულია, მუდმივად ეჩხუბება საკუთარ ხალხს, მუდმივად ჰყავს ადრესატი, ვისაც ის ეჩხუბება .სტილი აქვს ასეთი. ვისაც მისი გემოვნება აქვს, ის არის მისი მხარდამჭერი, თუმცა ასეთთა რიცხვი ძალიან შემცირდა.
რაც შეეხება მის განცხადებას ასპროცენტიანი დასაქმების შესახებ, კითხვას ვსვამ - ვინ შეუშალა ხელი უმუშევრობის დაძლევაში? რაც ხელისუფლებაშია სააკაშვილის მთავრობა ცხრა წელიწადია გასული და ვინ შეუშალა ხელი? გაცილებით მოკლე ხანში, გასული საუკუნის 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეგასახელმწიფოში მოხსნა ეს პრობლემა. ამ ციცქნა ქვეყანას რა გაუჭირდა ასეთი, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ვერც სოფლის მეურნეობაში, ვერც მთლიანად სამეცნიერო, კულტურულ და სახელოვნებო წრეებში ვერ შეიქმნა ვერაფერი ღირებული? წინასაარჩევნოდ უმუშევარი ადამიანი გაცილებით მეტადაა დამოკიდებული ხელისუფლების მოწყალებაზე, იქნება ეს ვაუჩერები თუ პირდაპირი ქრთამი, ვიდრე დასაქმებული. ამიტომაც არ ჩქარობს ხელისუფლება ქვეყანაში დასაქმების პრობლემის მოხსნას, თორემ ქვეყანაში არ იქნება ისეთი პოლიტიკა, როდესაც ქართველი გლეხის გაღატაკების ხარჯზე უცხოელმა მწარმოებელმა იშოვოს ფული“,-განაცხადა ძიძიგურმა.