შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ლილი ბეგიაშვილის განცხადებით, მეწარმეებთან შეხვედრა პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და უკვე 15 ივნისიდან შემოსავლების სამსახურის საიტის საშუალებით მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ „ფორუმზე“, აირჩიონ მათთვის სასურველი თემა, შეხვედრის ადგილი და გაიგონ ყველა სიახლე ბიზნესის უკეთ წარმართვის მიზნით.
ფორუმში და შეხვედრებში მონაწილეობისა და იმ სიახლეების გაცნობის საშუალება, რომელიც საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ხორციელდება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.
ლილი ბეგიაშვილის თქმით, ფორუმის გადამხდელებს საშუალება მიეცემათ შემოსავლების სამსახურს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები, პრობლემები, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.
„მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შეხვედრები მეწარმეებთან რეგიონებშიც კი გაიმართოს. აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანი ყველა კერძო კომპანიასთან და ინდივიდუალურ მეწარმესთან უშუალო და სისტემატიური კონტაქტის დამყარება და მათი სურვილებისა და შენიშვნების მაქსიმალური გათვალისწინებაა“, - განაცხადა ბეგიაშვილმა.
პირველი ასეთი შეხვედრა დღეს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა.