უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებაში ნათლადაა წარმოჩენილი, თუ რა იყო 2008 წელს რუსეთ - საქართველოს ომის მიზეზი.
„ეს არა საქართველოს თავდასხა იყო მშვიდობის მყოფელებზე და მძინარე ცხინვალზე, როგორც უყვართ ხოლმე თქმა ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს არამედ, რუსეთის სურვილი საქართველოს განვითარება და საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია შეეფერხებინათ. ომის მთავარი მიზეზი ეს გახლდათ, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გაღიზიანდა, ამაში სიახლე არაფერია“, - განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის თქმით, რუსეთსა და აშშ-ის შორის მთავარი განხეთქილების მიზეზი სწორედ საქართველოა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მტკიცე და პრინციპული პოზიცია აქვს საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
მარკ ტონერის უკანასკნელმა განცხადებამ, რომელიც ლუკაშევიჩის და ლავროვის განცხადებებს ეხმიანებოდა, ეს ძალიან კარგად დაადასტურა“, - განაცხადა წიკლაურმა.
წიკლაურის განცხადებითვე, საქართველოს აქვს მკაფიო არჩევანი გაკეთებული და ეს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია და ქვეყნის განვითარებაა, რომელ გზასაც საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევს.
„ხოლო რუსეთს აღარასდროს ექნება შესაძლებლობები ისეთი აგრესიული თავდასხმისა, როგორიც საქართველოზე 2008 წელს განახორციელა“, - განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებები სამწუხაროდ, იმის დასტურია, რომ ვაშინგტონს 2008 წლის მოვლენებმა ვერაფერი ასწავლა.
ლუკაშევიჩის განცხადებით, ზუსტად ამერიკის და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებამ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ასევე საქართველოსთვის საზღვარგარეთიდან იარაღის მასობრივმა მიწოდებამ, მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის კომპლექსი და იმის განცდა ჩამოუყალიბა, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
მისივე თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით კვლავ ცრუ თეორიებს იმეორებენ.