სტერეო + ის დირექტორი დავით ზილფიმიანი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შესრულებას მე-9 არხის სიხშირიდან გათიშვის შესახებ, არ აპირებს. როგორც ზილფიმიანი აცხადებს, მარეგულირებელი კომისიის შენიშვნებიდან, მათთვის მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მისაღები, რომელიც სიხშირული სპექტრის გადახრას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემას დღეს, 2 საათამდე მოაგვარებდა.
„ჩვენ ამას ვამოწმებთ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში დღეს, 2 საათისთვის ის აღმოფხვრილი იქნება. სხვა არავითარი სალიცენზიო პირობის დარღევა ჩვენ არ გვაქვს და არც ყოფილა 6 წლის განმავლობაში. რომ იცოდეთ, მე არაფრის გამორთვას არ ვაპირებ, ვინ ჩაიდენს ამას ვნახოთ, ეს მის სინდისზე იქნება“, - განაცხადა სტერეო + ის დირექტორმა.
გარდა ამისა, როგორც ზილფიმიანი აცხადებს ამ გადაწყვეტილების შესრულება შეუძლებელია იმის გამო, რომ 71 მეგაჰერცი სიხშირე, რომელიც სტერეო + ს გააჩნია, ხელმისაწვდომია სატელევიზიო პარკისთვის და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და სიხშირის მიღებადობის შეჩერება შეუძლებელია.
„ჩვენ 2006 წლის შემდეგ ვავრცელებდით სიგნალებს მთელ რიგ კომპანიებზე, მათ შორის ვაწვდიდით მზეს, მაესტროს აჭარის ტელევიზიას და 1 სტერეოს. ეხლა დავიწყეთ მე-9 არხისთვის და უცებ აღმოჩნდა, რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებით უკვე დაწერილი გადაწყვეტილება გათიშვის შესახებ გაგვაცნო მარეგულირებელმა კომისიამ“, - აღნიშნა ზილფიმიანმა.