რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებები სამწუხაროდ, იმის დასტურია, რომ ვაშინგტონს 2008 წლის მოვლენებმა ვერაფერი ასწავლა.
ლუკაშევიჩის განცახდებით, ზუსტად ამერიკის და დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის განცხადებამ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ასევე საქართველოსთვის საზღვარგარეთიდან იარაღის მასობრივმა მიწოდებამ, მიხეილ სააკაშვილს დაუსჯელობის კომპლექსი და იმის განცდა ჩამოუყალიბა, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
მისივე თქმით, ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებისადმი კვლავ ხმამაღალ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ და რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით კვლავ ცრუ თეორიებს იმეორებენ.
„სწორედ ამან უბიძგა სააკაშვილს დანაშაულებრივ ავანტიურაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში განახორციელა. შედეგად ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ. მაშინ რუსეთს მოუწია „აგრესორი გონზე მოეყვანა“. ახლა ჩნდება „დეჟავიუს“ განცდა. ამერიკის მაღალჩინოსნები კვლავ აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და კვლავ იმეორებენ ცრუ თეორიებს რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რუსეთის საგარეო უწყების წამომადგენლის აზრით, ასეთი განცხადებებით ამერიკა აქეზებს თბილისის ისედაც რევანშისტულ განწყობას და ვაშინგტონი თავის პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებს.