„ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებები არ იყო პირველი გზავნილები, რომელსაც ხელისუფლება და სააკაშვილი აშშ-სა და დასავლეთისგან ისმენს. ასეთი ტიპის განცხადებები მათ ბოლო პერიოდია სისტემატიურად ესმით. შესაბამისად მათ მოუწევთ ამ გზავნილების გაზიარება“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ლევან ვეფხვაძემ შეკითხვის პასუხად, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება კლინტონის ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს.
ვეფხვაძის თქმით, სააკაშვილს სურს შეიქმნას იმიჯი, რომ ის არის ამიერკავკასიაში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია და ეს იმიჯი დაიმსხვრევა მაშინვე, თუ არჩევნები ნორმალურად არ ჩატარდება.
ვეფხვაძის განცხადებით, ამ შემთხვევაში სააკაშვილი ვეღარ შევა ისტორიაში, როგორც ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი პოსტსაბჭოურ სივრცეში.
„ვფიქრობ პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს გზა, ან იყოს დიქტატორი და ამ შემთხვევაში მისი დასასრული განადგურება იქნება ან, აირჩიოს დემოკრატიის გზა, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე დამარცხებით დასრულდეს, მაგრამ 5-10 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში მისი კვლავ მოგების გარანტი იყოს. ეს იქნება ნორმალური სახელმწიფოებრივი განვითარება, რომელიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის არის დამახასიათებელი“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საქართველოში დემოკრატიულ არჩევნები უფრო მაღლა დგას, ვიდრე პროამერიკული ორიენტაციის ლიდერი ან პრეზიდენტი.
„ამიტომ ასეთი ადმინისტრაციის პირობებში სააკაშვილის ხელისუფლებას მოუწევს ძალიან ფრთხილად მიუდგეს არჩევნებს და კონკრეტული ნაბიჯების გადაგმის დროს ადმინისტრაციის მიდგომა გაიზიაროს“, - აცხადებს ვეფხვაძე.
ქდმ -ს ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებით, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტი იმ მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ამან ხელი შეუწყო ოპოზიციური პარტიების აქტივობას. რაც მისი თქმით, აქამდე ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო.
„ანუ გარკვეულ ლიბერალიზაციას ვხედავთ და ეს ძალიან კარგია. საბოლოო ჯამში ჩვენ გვჭირდება არა ისეთი არჩევენები, რომელიც არასამართლიანი იქნება და მერე ვიტყვით, რომ შედეგები არალეგიტიმურია და ყველა ქუჩაში გამოვალთ, არამედ არჩევნებამდე შევქმნით სამართლიანი არჩევნებისათვის საჭირო გარემოს“, - დასძინა ვეფხვაძემ.